
რა თქვეს ტრამპმა და ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ
05/02/2025 05:31:50 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში უმასპინძლა.
ამერიკული მედიის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეთავაზების ფონზე, პალესტინელები სამუდამოდ გადაასახლონ ომის შედეგად დაზარალებული ღაზას სექტორიდან, პალესტინელთა ტერიტორიიდან.
რა თქვა ტრამპმა
„ვისურვებდი, რომ მათთვის გაგვეკეთებინა რაღაც სასიამოვნო, რაღაც კარგი, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდეთ. რისთვის უნდა სურდეთ უკან დაბრუნება? იქ ჯოჯოხეთია", – განაცხადა მან.
ამასთან მან განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პალესტინელების სამუდამოდ გადასახლებას ღაზადან იმ ადგილებში, სადაც მათ ძალადობის მიმართ შიშის გარეშე შეეძლებათ ცხოვრება. ტრამპმა ისრაელის პრემიერ–მინისტრს უთხრა, რომ ის და მისი გუნდი განიხილავენ პალესტინელების განსახლების შესაძლებლობას იორდანიასთან, ეგვიპტესთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.
ტრამპმა, ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ იკისრებს კონტროლს ომით განადგურებულ ღაზას სექტორზე:
"აშშ–ს ექნება ღაზა კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ყველა არაფეთქებული ბომბის და სხვა იარაღისთვის ამ ტერიტორიაზე".
აშშ–ის პრეზიდენტის თქმით, მას სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს "სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ მოკლავენ“.
რა თქვა ნეთანიაჰუმ
თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპისეულ გეგმას ღაზას სექტორში შეუძლია "ისტორია შეცვალოს". ნეთანიაჰუმ ტრამპს მიმართა, რომ ის არის "ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია ისრაელს თეთრ სახლში".
AFP-ს ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლის თაობაზე, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „შეეცდებიან“.
რას ამბობენ ეგვიპტე და იორდანია ტრამპის წინადადებაზე
ეგვიპტემ და იორდანიამ კატეგორიულად უარყვეს ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზადან გადასახლების შესახებ. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზას სექტორის მცხოვრებლებმა.
ცნობისთვის: ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 19 იანვარს შევიდა. "ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში "ჰამასმა" და ისრაელმა დაიწყეს ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლა ისრაელის საპატიმროში მყოფ პალესტინელებზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასმა" იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე, რა დროსაც 250 მძევალი გაიტაცეს. მათგან 76 ჯერ კიდევ პალესტინელთა ტერიტორიაზეა, ხოლო 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია", – იუწყება AFP.