05-02-2025 09:55:04 საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ონლაინგამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი "რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად".
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით.
ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 25–ე დღეა, შიმშილობს, კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.
„კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. შიმშილობას განაგრძობს”, - განაცხადა კლინიკა “ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას 4 თებერვალს.
ცნობისთვის: 3 თებერვალს მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ. მისი თქმით, ამაღლობელი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
"ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება - არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნონა ქურდოვანიძემ 3 თებერვალს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სახალხო დამცველს მიმართა, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნას სპეციალური ჯგუფი. ასევე ითხოვენ რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებას.
31 იანვარს მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ "ვიზუალური დაკვირვებით, ამაღლობელი უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო".
"დავაკვირდი ვიზუალურად, ახლა უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. იგი უფრო ნელა მოძრაობს. ეს ჩემი დაკვირვებაა იმიტომ, რომ მანძილი უნდა გამოიაროს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და მერე საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო. ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული. 28-ში გაკეთებული ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით, არ იცოდა, ახლა აჩვენეს სავარაუდოდ. ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. ამ დოკუმენტებს წავიღებთ, ავიღებთ კონსულტაციას და ამის მერე გვეცოდინება, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", – განაცხადა მან 31 იანვარს ამაღლობელის მონახულების შემდეგ.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.