
ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა, ივანიშვილი ჩვენებას დისტანციურად აძლევს
05/02/2025 07:10:35 პოლიტიკა, სამართალი
5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ჩვენების მიცემის წინ სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა - ივანიშვილის ჩვენება საჯარო არ იქნება „კომერციული საიდუმლოს დაცვის“ მოტივით. ამასთან, ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად ერთვება სასამართლოს. წინა პერიოდში სხდომა დაიხურა "ბანკ ქართუს" წარმომადგენლების გამოკითხვის დროსაც.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს დილას დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რასაც დაცვის მხარე (გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი) ეწინააღმდეგებოდა.
დაცვის მხარის პოზიციით, ეს შუამდგომლობა „ზოგადი ფრაზებით“ იყო დასაბუთებული და არ იყო დაკონკრეტებული „კომერციული საიდუმლოების მოტივით“ სხდომის დახურვის მოთხოვნა, რამეთუ მთლიანი საქმის არაერთი დეტალი უკვე საჯაროდ განიხილეს სასამართლოზე.
„რა თქმა უნდა, ამ სასამართლო პროცესს დახურავენ იმიტომ, რომ ივანიშვილს ეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. ის ყოველთვის გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, დიდი ხანია არ გამოჩენილა ტელევიზორში და მარიონეტების ხელით ახორციელებს ტერორს და დიქტატურისკენ გზაზე სვლას, რაც საქართველოში ხდება. მე ვიქნები სხდომის დახურვის წინააღმდეგი, ხალხმა უნდა იცოდეს - ვინ არის ადამიანი, რომელიც სათავეში ქვეყანას უდგას.
„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების საქმე რომ მიმდინარეობდა სასამართლოში, იქ უფრო ბევრი შიდა საბანკო საქმე განიხილებოდა და ისიც კი საჯარო იყო. ივანიშვილის პირადი ინტერესი სადაც არის, მხოლოდ იქ იხურება ხალხისთვის ინფორმაცია. ეს მისი ხელწერაა, რომ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი აარიდოს“, - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილი ჯერ კიდევ წინა პერიოდში - საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას - ეუბნებოდა მოსამართლეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდებოდა, რაც, მისი შეფასებით, მოსამართლის უპატივცემულობა იქნებოდა.
საქმე, რის ფარგლებშიც ივანიშვილი იკითხება, მისი ინიციატივით არის შეტანილი პროკურატურაში. იგი გიორგი ბაჩიაშვილს „კრიპტოვალუტების მითვისებას“ ედავება, რასაც ბაჩიაშვილი უარყოფს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ამბობს, რომ ივანიშვილისგან თანხა სესხად მიიღო და ახლა ყოფილი დამსაქმებელი პოლიტიკური შეხედულებების ცვლილების გამო დევნის.