
დრონებით შეტევა იყო რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
05/02/2025 07:27:35 მსოფლიო
5 იანვარს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის დაბა ნოვომინსკაიას რაიონში, სადაც კომპანია „ალბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
რეგიონის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, სამხედროებმა „მოიგერიეს კიევის ხელისუფლების მხრიდან უპილოტო შეტევა“, რომლის დროსაც დრონის ნამსხვრევები „დაეცა რეზერვუარს ნავთობპროდუქტების უმნიშვნელო ნარჩენებით“.
მიუხედავად ამისა, გუბერნატორის ცნობით, „მეორე კატეგორიის ხანძარს“ 55 მეხანძრის და 19 ერთეული ტექნიკის მობილიზება დასჭირდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაფერი იყო ნათქვამი კრასნოდარის მხარეში დრონების მოგერიების შესახებ. ამ ცნობის თანახმად, ორი დრონი კურსკის ოლქში გაანადგურეს და ორი - ბელგოროდში.