05-02-2025 12:27:47 პოლიტიკა ,სამართალი
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ყოფილი ფინანსისტი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ გამოკითხვაზე დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ ახალ დავას წამოიწყებს. ივანიშვილი სასამართლოს სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში გამოიკითხა. სხდომა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობით დახურა.
პროცესის დასრულების შემდეგ, ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ივანიშვილის გამოკითხვა უშედეგო იყო, რადგან მან ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა:
"მთავარი მოწმე არც ერთ დეტალს არ იხსენებდა, შესაბამისად, არც ერთ კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, რაც შეეხებოდა ფაქტობრივ გარემოებას, ის არიდებდა პასუხს თავს. მან ზოგადად თქვა, რომ "მე ვიყავი ინვესტორი და აბა ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო". ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში მას გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, მათ შორის გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. ანუ, მას უნდოდა ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული.
გაჟღერდა მუქარისშემცველი რამდენიმე წინადადება, მათ შორის, სხვა კონტრაქტულ და სამოქალაქო ურთიერთობაზე, ეს ფონდის სხვა სტრუქტურულ ნაწილებს შეეხება და ის პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც გარკვეულ პასუხისგებაში მოსალოდნელია ჩემი მიცემა" - აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი ბაჩიაშვილმა.
საქმე, რის ფარგლებშიც ივანიშვილი გამოიკითხა, მისი ინიციატივით არის შეტანილი პროკურატურაში. იგი გიორგი ბაჩიაშვილს „კრიპტოვალუტების მითვისებას“ ედავება, რასაც ბაჩიაშვილი უარყოფს.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა „დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის“ მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2,5 მლნ ლარის გირაოს გადახდა შეეფარდა. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იგი ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ამბობს, რომ ივანიშვილისგან თანხა სესხად მიიღო და ახლა ყოფილი დამსაქმებელი პოლიტიკური შეხედულებების ცვლილების გამო დევნის.