05-02-2025 12:58:29 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სამართალი
სისხლის სამართლის წესით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ადვოკატი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებული მოქალაქეების ინტერესების დამცველებს ბრალის დადგენილება ჩაბარდათ.
"ჩაგვბარდა ბრალის დადგენილება. 8 ადამიანს იჭერენ ორი წინადადებით და ორივე წინადადება არის ტყუილი, რომ თითქოს ეს 8 ადამიანი, სხვებთან ერთად ცდილობდა გზის ბლოკირებას, გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე და პოლიციის ძალისხმევის შედეგად გათავისუფლდა გზის სავალი ნაწილი. ყველა ტელევიზიის ეთერში მაყურებელი უყურებდა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. როცა ასეთი ტყუილი გინდა აქციო 8 ადამიანის დაჭერის საფუძვლად, ვეღარ ახერხებ, რომ ბრალის დადგენილებას რაიმე სამართლებრივი ფორმა და შინაარსი მისცე. საბოლოო ჯამში გრჩება 2 წინადადება, ორივე ტყუილი და ფორმალობისთვის შედგენილი",- თქვა აბესაძემ.
ის ელის, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს დღესვე მიმართავს და ასევე აქვს მოლოდინი, რომ საპატიმრო ღონისძიება იქნება გამოყენებული.
"რაც შეეხება გიგი უგულავას განცხადებას, ის, რა თქმა უნდა ბრალის დადგენილებას არ დაეთანხმა და ხელი არ მოაწერა... პირდაპირ ეთერში, არსებობს არაერთი ვიდეო, ცხადი იყო რომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ რომ გზის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლას, რაშიც პოლიცია ხელს უწყობდა და მოლაპარაკებები იყო, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ ბლოკირება გზის არ მომხდარიყო... ასეთი კადრი გიგი უგულავასთან მიმართებითაც არ არსებობს. უბრალოდ გზაზე გადასვლა ქალაქში გახდა დასჯადი - დღეს ეს არის აღმაშენებლის ხეივანი, ხვალ შეიძლება რუსთაველის გამზირი დაემატოს, მერე რომელიმე ქუჩა. აქციის მონაწილეების გადაადგილება, რომლებიც "თბილისი მოლის" შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, იყო თავიდან ბოლომდე შეთანხმებული პოლიციასთან და პოლიცია ახდენდა ორგანიზებას გადასვლის", - განაცხადა აბესაძემ.
ის არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდეს.
ამ დროისთვის 2 თებერვლის აქციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ: გიგი უგულავას, ირაკლი წიგნაძეს, ირაკლი ტაბატაძეს, ნიკოლოზ კუტუბიძეს, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დიმიტრი ბიძინაშვილ. წაყელებული ბრალდებით მათ 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.