სასამართლომ 19 წლის სტუდენტი 5 ათასი ლარით დააჯარიმა

05-02-2025 15:43:08

რუსთაველის გადაკეტვის ბრალდებით 5 000 ლარით დააჯარიმეს 19 წლის სტუდენტი ვახტანგ ხვინთელანი.

ვალდორფის სკოლის მოქმედმა და ყოფილმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მსვლელობა 13 იანვარს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ გამართეს.

დაჯარიმებული ვახტანგ ხვინთელანი ამბობს, რომ ისინი ავტობუსის ზოლში პოლიციის ნებართვით გადაადგილდებოდნენ. პარლამენტთან ტროტუარზე განლაგდნენ და გზაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც გზა ხალხის რაოდენობის გამო გადაიკეტა.

ადვოკატის თქმით, შსს-მ წარმოადგინა ორი ვიდეო - ერთი გადაკეტვის, სადაც სტუდენტი არ ჩანს, ხოლო მეორე ვიდეოზე სტუდენტი ჩანს, თუმცა მასთან ერთად "ბევრი ხალხია".

სტუდენტმა უთხრა მოსამართლეს, რომ მუშაობს, არ აქვს გრანტი და თავად იხდის სწავლის საფასურს და რომ ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას, თუმცა მოსამართლემ ის 5 000 ლარით დააჯარიმა.

„დამაბრალეს, რომ მე გადავკეტე გზა და 5000-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. სრული აბსურდია. [მოსამართლემ] იცოდა, რომ სტუდენტი ვარ, მე თუ არ შევეცოდე, კიდევ იმდენი არ შეეცოდება, რა ვიცი“ — ვახტანგ ხვინთელანი

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. ხელოვნების ისტორიის კურსის მასწავლებელმა თეა როგავამ, რომლის ყოფილი მოსწავლეც იყო ვახტანგ ხვინთელანი, თქვა, რომ გზის გადაკეტვის ბრალდებით მისი შვილიც დაიბარეს. ისიც ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულია.

"მე ჩემს მოსწავლეებს ვასწავლი, რომ უნდა იყვნენ სიმართლის მხარეს, თუ უნდათ ცხოვრებაში გზა სწორად გაიკვლიონ და დღეს ჩემმა მოსწავლემ ამის საპირისპირო გამოცდილება მიიღო, რასაც ვასწავლიდი. მან დაინახა, რომ ის რაც მას არ გაუკეთებია, ედავებიან და ეუბნებიან, რომ ეს გააკეთე. ჩემთვის ძალიან რთულია ხვალ და ზეგ კლასში შესვლა და მოსწავლეებთან საუბარი იმ ადამიანურ ღირებულებებზე, რომელზეც უნდა იდგეს კაცობრიობა", - თქვა თეა როგავამ.

70 დღეა საქართველოში პროევროპული აქციები იმართება. ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა დემონსტრანტების უფლებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები