
„ოცნებამ“ პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში რეპრესიულ ცვლილებებს
05/02/2025 12:08:03 პოლიტიკა
სადავო პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების კანონში რეპრესიულ ცვლილებებს.
ცვლილებებს დაჩქარებულად განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი პროცედურით დადგენილ სამივე მოსმენას და კენჭისყრას მიმდინარე სასესიო კვირაში დაასრულებს.
ძირითადი ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გამკაცრებას იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება საჯარო-პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. სისხლის სამართლის დანაშაული ხდება საჯარო-პოლიტიკური პირისადმი მუქარა და საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმა.
„ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოვლენები ვითარდება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში და რას აორგანიზებენ, ვინ აორგანიზებს – ერთი მხრივ მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალურ ფაშიზმით, რეალურად თავისუფლების სახელით შენიღბული, მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება, მათ შორის, ეს არა მხოლოდ უშუალოდ რომელიმე ქმედების განხორციელებაში, არამედ ე.წ. ბულინგშიც გამოიხატება. აღარ დარჩა ზღვარი და ის მოცემულობა და ის მორალური სტანდარტი არ დაერღვიოთ. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არაფერს დაგიდევენ და ადამიანების შეურაცხყოფაზე ხომ არ იხევენ უკან და განსაკუთრებით ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი სამართალდამცველების, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ ჰყვებიან თითიდან გამოწვეულ ცრუ კამპანიას და ეს ადამიანები არიან ბულინგის მსხვერპლნი და პირდაპირი შეურაცხყოფა და ზღვარსგადასული მოწოდებები მიმდინარეობს მათ მიმართ. მნიშვნელოვანია, გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ პაკეტის წარდგენისას.