
მწარიაშვილი: როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა, რომ მას საკვები უდევს იქ, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა
05/02/2025 12:55:57 საზოგადოება
ონლაინგამოცემების "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც 25-ე დღეა, შიმშილობს კლინიკის პალატაში საკვები ედო. ამის შესაახებ მან "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა, რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს იქ საკვები არ უნდა ედოს. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. საკვები მას უნდა შესთავაზონ ყოველდღიურად და ყველა კვების დროს, მაგრამ იქ არ უნდა ედოს, როდესაც ის უარს აცხადებს კვებაზე. ამიტომ, როგორც კი ადვოკატმა ეს შენიშვნა მისცა, შემდეგ გაიტანეს ეს საკვები", – განაცხადა მწარიაშვილმა.
მისივე თქმით, ამაღლობელს კლინიკაში კვლევებისთვის გადაიყვანეს, რომელთა დასრულების შემდეგაც უკან საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს.
"ეს ადამიანი ითხოვს, კვლევები ხომ დაასრულეთ და გადამიყვანეთ უკანო. ცუდია, რომ ამ ადამიანს არ უნდა იქ გაჩერება, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ჩვენ ადვოკატებს არ შეგვიძლია მასზე მოვახდინოთ ზემოქმედება. ეს არის მისი პოზიცია", – განაცხადა მან.
მოგვიანებით, კლინიკა “ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში რჩება, იგი "ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, ხვალ შეაფასებენ მის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა".
"მას ჩაუტარდა შემოსვლისთანავე წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, შემდეგ გარდა ამისა დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც გამოიკვეთა ამ კვლევის პროცესში.
გარდა ამისა, კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულებების პრევენციის მიზნით დაიწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მან თანხმობა განაცხადა ამაზე.
დეტალებს მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დიაგნოზი თქვენ იცით, ადამიანი შიმშილობს 26 დღეა თუ არ ვცდები და რა თქმა უნდა, მას აქვს ამ დიაგნოზიდან გამომდინარე ჩივილები. არის წონის კლება, კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი აბსოლუტურად ადეკვატურია, კონტაქტურია დახმარების გარეშე.
როგორც გითხარით ეს იყო, ნაწილი კვლევების დაგეგმილი, პენიტენციური დაწესებულების მიერ და შემდგომში გაგრძელებული ჩვენს მიერ გაგრძელებული უფრო ღრმა, დამატებითი კვლევები. გრძელდება მონიტორინგის პროცესი, რაც გამოისახება, თუ რაიმე დამატებითი კვლევა იქნება საჭირო პაციენტს ყველაფერი ჩაუტარდება.
ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტების მიერ დღის განმავლობაში ვნახავთ კიდევ, ხვალ შევაფასებთ მის მდგომარეობას და გადაწყდება მისი შემდგომი მკურნალობა," - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ამაღლობელი კლინიკაში 4 თებრვალს გადაიყვანეს.
3 თებერვალს მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ. მისი თქმით, ამაღლობელი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
"ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება - არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნონა ქურდოვანიძემ 3 თებერვალს.
ცნობისთვის: 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.