„ქართული ოცნება“ ახალ შეზღუდავ კანონებს აანონსებს

05-02-2025 17:56:56 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს - ამჯერად საკანონმდებლო ცვლილებების სამიზნე მედია იქნება.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე",- თქვა მამუკა მდინარაძემ და განაგრძომ "დაინიცირდება მედიის კანონი... რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“.

მან თქვა, რომ ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ.

მისი თქმით, კანონით დადგინდება „მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“. ასევე, განისაზღვრება „აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან ფაქტობრივად მესამედ დააანონსა "აგენტებუს კანონი" სამოქალაქო საზოგადოებისთვის:

"დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ს ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორისნ საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერას.

შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარედაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.

პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყოთ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან.

პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება მათ შორის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია. რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.

ფარასთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ დეტალებზე საერთოდ არ ვაპირებ საუბარს, სპეციალურად ვაკეთებ ამას, ამიტომ, თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიცირებული, წაიკითხონ ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედეს დღეს ამერიკაში და ჩვენ დავაინიცირებთ მის პირდაპირ ასლს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები