მდინარაძემ ანტინარკოტიკული პოლიტიკის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების გამკაცრება დააანონსა

05-02-2025 18:02:15 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" დღეს გარდა მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებული შემზღუდავი კანონებისა, სხვა ცვლილებებიც დააანონსა.

კერძოდ, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მომდევნო 2 თვის განმავლობაში გამკაცრდება ანტინარკოტიკული პოლიტიკა და კანონმდებლობა და გამკაცრდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაც.

„მომდევნო 2 თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებელს, მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე. ბუნებრივია, ჰეროინისა და მარიხუანას მოხმარებაზე ერთნაირი დამოკიდებულება არ იქნება.

ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას.

მისი თქმით, შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას; გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნები. გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების დანიშვნა და გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის ან სხვა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის დისკრეციულ უფლებამოსილებად;

შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება. შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აიკრძალება საჯარო მოსამსახურის მიერ უცხოური წყაროდან რაიმე სარგებლის მიღება (ეს იქნება პირდაპირი ან ირიბი სახელფასო დანამატი, ტრენინგი, ვიზიტი და სხვ.)“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები