05-02-2025 18:26:39 პოლიტიკა
საქართელოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოთხი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლები.
მოგვიანებით ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ერთ-ერთ გზავნილი ევროპელი პარტნიორების მიმართ ის იყო, რომ დღეს რეალურად საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დასრულდა, რამეთუ პარლამენტი აღარ არის პოლიტიკური სივრცე, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არც ერთი უფლება დაცული აღარ არის.
"ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები. ეს იყო მთავარი გზავნილი ელჩებისთვის და დედაქალაქებისთვის. დღეს საჭიროა, რომ როგორც აქ განახლდა რეპრესიები, ასევე განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ასე შეიძლება ვახსენოთ - რუსული ყაიდის რეჟიმი. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ იტყვის როგორ შეიძლება დაინიშნოს არჩევნები, ეს კითხვა წარმოუდგენელიცაა, ეს მოხდება გარედან და შიგნიდან ზეწოლის შედეგად. არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, რომ როცა რეჟიმი სრულად იზოლირებულია თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენი პარტნიორებისგან, გააგრძელოს თავისი მმართველობა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია დიდი პერიოდი გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან ყოველდღიური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
„ჩვენ გვაქვს საზოგადოების მიმართ ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადება, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არა სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის სრული დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას. უნდა იყოს ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს გარდა არჩევნებისა. ძალიან სწორად, ძალიან ბრძნულად, ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ.
ამასთან ერთად, სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა. ვიცით, რომ რეპრესიული რეჟიმი ამას არ აკმაყოფილებს იმთავითვე, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზეც, რომელმაც ჯერ ვერ გაიგო, ვისი ბედია დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს „საზმაუს“ მიმართ, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპულ ბორდთან და იქიდანაც უნდა იყოს ზეწოლა, რათა შეწყდეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა უწყებაზე.
როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მე მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი, დამოუკიდებლობის საყრდენი და არ შეიძლება ამ უწყების რამენაირად პოლიტიზება. მე მინდა მივმართო ჩვენს სამხედრო ძალებს, მე ბოლომდე, ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ ეს ქვეყანა დაიცვან როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენულის ახელმწიფო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.