
ობუდსმენი: სტატისტიკა ძალიან შემაშფოთებელია - პოლიციის ქმედება აბსოლუტურად შეცვლილია წინა პერიოდთან შედარებით
05/02/2025 19:12:58 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგანგაშოს უწოდებს სამართალდამცველთა შეცვლილ ქცევას გასულ წელთან შედარებით. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
მან თქვა, რომ ფაქტობრივად ყველა დაკავებული მოინახულა აპარატმა და „თუ ადრე 10 დაკავებულიდან მესამედი აცხადებდა არასათანადო მოპყრობაზე, ეს ციფრი 70-80 %-მდე".
"სტატისტიკა არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პოლიციის ქმედება აბსოლუტურად შეცვლილია, თუ წინა პერიოდს შევადარებთ“,- განაცხადა იოსელიანმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ ერთ მხარეს, "უამრავი ნაცემი ადამიანია", მეორე მხარეს "გამოძიება დაწყებულია, მაგრამ არც ერთი პოლიციელი ან თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიცემული არაა".
თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებდა და ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი შეფასებებს გამოაქვეყნებს.