საქართველოში კორონავირუსის რისკმა მოიმატა

25-02-2020 18:19:02 საზოგადოება

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თამამად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ საქართველო მწვანე ზონაში იყო, რადგან ვირუსი არც ერთ ახლომდებარე ქვეყანაში არ იყო დაფიქსირებული. ირანში შექმნილმა სიტუაციამ კი სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა. აქედან გამომდინარე, მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები