
სოხუმის რეჟიმი 7 აპრილამდე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების გარდა, არავის შეუშვებს
25/02/2020 15:04:22 კონფლიქტები
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კორონავირუსის დიაგნოსცირების ტესტ–სისტემებს მიაწვდის. ნოვოსიბირსკში შემუშავებული სატესტო მოწყობილობები ოკუპირებულ რეგიონს 500 ერთეულის ოდენობით უახლოეს ხანებში მიეწოდება, - განაცხადა დღეს გამართულ თათბირზე დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ.
თათბირზე პრევენციულ ღონისძიებათა ნუსხა განიხილეს და გადაწყდა, „აფხაზეთის მოქალაქეებს როგორც ახლო, ისე შორ უცხოეთში, ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავების“ რეკომენდაცია მიეცეთ.
გარდა ამისა, თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა, რომელიც რუსეთის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებზე ვრცელდება, 7 აპრილამდე გაახანგრძლივეს. ამასთან, გამოითქვა ინიციატივა, მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ გადასასვლელზე მოქმედი სანიტარულ–საკარანტინო კონტროლის მსგავსი ღონისძიებები „რუსეთთან სახელმწიფო საზღვარზეც“ ამოქმედდეს. საუბარია თბოვიზორებსა და მობილურ პუნქტებზე.
ცნობისთვის: ამ დღეებში აფხაზური მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჩრდილოთ კორეის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის 50 მოქალაქე არ შეუშვეს.