
გამთენიისას სამი სტუდენტი დააკავეს
06/02/2025 07:32:11 საზოგადოება
გამთენიისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს სამი სტუდენტი - აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე.
მეგობრების ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან მოთავსებული.
ამჟამად მათთან ადვოკატები - გუჯა ავსაჯანიშვილი და ბექა ხოხობაშვილი იმყოფებიან.
დაკავების ზუსტი გარემოებები უცნობია.
განახლება
ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით.
ადვოკატის თქმით, გამოძიების ვერსიით, ისინი სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მათ ძალადობის კვალი არ ეტყობათ.
„შსს-ს მივმართავთ, კამერები წარმოგვიდგინოს და დაგვიდასტუროს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაღაცას წერდა. არ ვადასტურებ, რომ პულვერიზატორი ჰქონდა, მაგრამ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, პულვერიზატორის ქონა არ არის აკრძალული. უკვე ვხედავთ, რომ სისტემა იმდენად რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, რომ ადამიანს იჭერს იმის გამო, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ბატონმა გიორგიმ განმიცხადა ის, რომ მას არანაირი წარწერა არ გაუკეთებია, პოლიცია როგორც კი მოვიდა, 2 თებერვალს იყო პოლიციის მხრიდან ნაცემი და შეშინებული და ასევე იმ მომენტში დააკავეს, როცა ჭავჭავაძეზე იმყოფებოდა. ბატონი გიორგი აცხადებს, რომ მას არაფერი არ დაუწერია და უბრალოდ ადგილზე ყოფნის გამო დააკავეს.
რაც შეეხება ბატონ არჩილს, მან თქვა, რომ დააკავეს ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ წარწერებთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, – თქვა ადვოკატმა.