Accentnews.ge
პაპუაშვილმა "ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ შემზღუდავ კანონებზე კითხვების მქონე პირები აშშ–სა და ბრიტანეთში გადაამისამართა

პაპუაშვილმა "ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ შემზღუდავ კანონებზე კითხვების მქონე პირები აშშ–სა და ბრიტანეთში გადაამისამართა

06/02/2025 08:28:45 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ის პირები, რომელთაც "ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ შემზღუდავ კანონებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, აშშ–სა და ბრიტანეთში გადაამისამართა. ამჯერად საუბარია „მედიის კანონზე" და „აგენტების კანონის“ უფრო მკაცრ ვერსიაზე.

როგორც პაპუაშვილმა „მედიის კანონზე“ საუბრისას აღნიშნა, "ბრიტანულ სტანდარტს" აიღებენ და თუ ვინმეს მიღებულ სტანდარტებთან დაკავშირებით რამე "კითხვა გაუჩნდება, ბრიტანეთს ან საქართველოში მის საელჩოს უნდა მიმართოს":

  • "არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სადღეისოდ მედიის შიდა თვითრეგულირების ან ჟურნალისტური გაერთიანების მექანიზმი „ფეიკნიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური არ არის":

  • „არაფერი ახალი აქ არ იქნება. დღევანდელი კანონმდებლობით თუ რეგულაციებით რაც გვაქვს, ერთია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არის მწირი და ჩარჩოში ჩასმული, არის შემდეგ გავრცობილი სხვადასხვა, მათ შორის, თავად მედიასაშუალების შიდა ეთიკური სტანდარტებით ან ცალკეული ჟურნალისტური გაერთიანების ეთიკური სტანდარტებით, მაგრამ ხედავთ, რომ არის არაეფექტიანი. თვითრეგულაციის ნაწილი არის არაეფექტიანი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროცედურები, რომლებიც არ იქნება მინდობილი მედიაზე, რომ იყოს ამ დეზინფორმაციის აღმკვეთი, რომელიც თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, არამედ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, თავი დაიცვან ფეიკნიუსისგან".

კითხვაზე, რა ახალ სტანდარტებს გვთავაზობს „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებით, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სტანდარტებს დადგენაც არ სჭირდება“:

  • "სტანდარტებს სინამდვილეში დადგენაც არ სჭირდება, საღი აზრი გვეუბნება, რომ არ უნდა მოიტყუო, რომ ინფორმაცია უნდა გადაამოწმო".

მისი მტკიცებით, ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ საზოგადოება არ იყოს "დეზინფორმირებული":

"მედიასთან მიმართებით არსებული კანონები არ გამკაცრდება, არამედ იქნება უფრო ეფექტური, რომ დეზინფორმაციამ არ მოატყუოს და დააბნიოს საზოგადოება. საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული და არ იყოს დეზინფორმირებული. ამის უზრუნველყოფას მოახდენს ეს კანონმდებლობა“.

მისი მტკიცებით, "ამერიკელებმა მათ ანახეს „ინვოისები“ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით“:

„ამერიკელებმა პირდაპირ „ინვოისები“ გვანახეს იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ ერიცხებოდა ფული სხვადასხვა მედიას, რომ დამფინანსებლის გავლენა გატარებულიყო ამ მედიასაშუალებით. ის მედიასაშუალება მომსახურებოდა არა სიმართლეს და საზოგადოებას, არამედ თავის დამფინანსებელს“.

  • 5 თებერვალს "ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ამცნო, რომ გეგმავენ საკანონმდებლო ცვლილებებს "რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“. ასევე განისაზღვრება „აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“.

„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონს მაქსიმუმ, 2–3 თვეში მიიღებენ.

რაც შეეხება „აგენტების კანონის“ უფრო მკაცრ ვერსიას, პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ ამერიკაში არსებული „ფარას“ კანონი ზუსტი თარგმანით საქართველოში გადმოიტანონ.

„რაც შეეხება „ფარას“, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი გარემო შეექმნათ. მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია გამჭვირვალობის იდეის მოეხდინათ. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ - აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა, სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა „ფარასთან“ დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

  • 5 თებერვალს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო ფარას [აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“] მსუბუქი ვერსია“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ სრულფასოვნად არც აუმოქმედებიათ“. „თუმცა იცით, რომ ძალაში შესვლის მიუხედავად, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებს. დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“, - განაცხადა მან. დამაზუსტებელ კითხვაზე მან თქვა, რომ ფარასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს: „თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიციირებული, წაიკითხოს კანონი, რაც დღეს მოქმედებს ამერიკაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S