
თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესი 3 მარტამდე გადაიდო
25/02/2020 15:52:32 კონფლიქტები
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის სასამართლო პროცესი 3 მარტამდე გადაიდო. მიზეზი მოწმეებისა და "დაზარალებულების" ცხინვალის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.
ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სასამართლო მეარაყიშვილის საქმეს უკვე მეოთხედ განიხილავს.
"წინა სამ შემთხვევაში პირველ ინსტანციაში მოვიგე - მოსამართლე ფატიმა პარასტაევამაც და ინალ თიბილოვმაც ყველა ეპიზოდში გამამართლეს. თუმცა პროკურატურა არ ნებდება და მესამე წელია, დადის ინსტანციიდან ინსტანციამდე, სასამართლოდან პროკურატურაში და უკან" - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ცნობისთვის: თამარს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველი პარტია "ერთიანი ოსეთის" მიმართ ცილისწამებას, ასევე ყალბი საბუთების მოპოვება-გამოყენებას ედავებიან და მართალია, დე ფაქტო სასამართლომ ცილისწამების ნაწილში სრულად გაამართლა, თუმცა "პროკურატურა" ბრალდებას არ უხსნის იმ "მოტივით", რომ "საქმეს ვერ დააცალკევებს", რაც თავისთავად იურიდიულ ნონსენსს წარმოადგენს.