
არქიმანდრიტი, რომელსაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ, ახალციხის მერიის ა(ა)იპ-ის დირექტორად დაინიშნა
06/02/2025 13:39:23 საზოგადოება
"სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სახელოვნებო - საგანმანათლებლო დაწესებულება - წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია - ზარზმის" დირექტორად არქიმანდრიტი ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე დაინიშნა, რომელსაც, როგორც გამოცემას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა, მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს - არქიმანდრიტს ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
თუ რამდენად მიზანშეწონილია საგანმანათლებლო დაწესებულებაში არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის ყოფნა ხელმძღვანელ პოზიციაზე, ამ კითხვით გამოცემამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. გამოცემის ცნობით, მერიაში მათ უპასუხეს, რომ ააპი-ი ჯერ არ ფუნქციონირებს, თუმცა დანარჩენ კითხვებზე კომენტარი არ გააკეთეს.
არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძეს ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. არქიმანდრიტის სულიერმა შვილმა, ნიკოლოზ ბერიძემ „სამხრეთის კარიბჭეს“ გადასცა აუდიო მასალა, სადაც მისი თქმით, სასულიერო პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.
„არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირებით გიპასუხებთ: დღევანდელი მოცემულობით არქიმანდრიტ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს და გადაყვანილია ზარზმის მონასტრიდან. საქმე ეხება მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, რომელსაც თავად მამა ნიკოლოზი არ აღიარებს. ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მეუფე თეოდორემ, სასჯელის ეს ფორმა გამოიყენა მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება“,- მისწერა გამოცემას ანდრია ჯაღმაიძემ. კომენტარი გამოქვეყნდა 30 იანვარს. გამოცემა აღნიშნავს, რომ კომენტარს 6 იანვრიდან ელოდებოდნენ.