აზერბაიჯანმა ქვეყნიდან რუსეთის საკვანძო პროპაგანდისტული გამოცემა გააძევა

06-02-2025 18:12:22 კავკასია

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერალური სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვოს" საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, - იუწყება გამოცემა "Report" საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით.

"ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და არ საჭიროებს გარე დახმარებას, განსაკუთრებით - როცა საქმე ეხება არაგამჭვირვალე სქემებს, ორგანიზაციის სტრუქტურა კი დაუფარავად სადაზვერვო ხასიათს ატარებს" - აცხადებენ გამოცემის წყაროები ბაქოში.

რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელი სამართალდამცველები შევიდნენ ბაქოში "როსსოტრუდნიჩესტვოს" ცენტრალურ ოფისში - "რუსსკი დომში", რომელსაც, როგორც გაირკვა, აზერბაიჯანში რეგისტრაცია არ გააჩნდა.

"რატომ ეძლეოდა ამ, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ორგანიზაციას ამ დრომდე რეგისტრაციის გარეშე ჩვენთან მოქმედების შესაძლებლობა - ცალკე საუბრის თემაა, თან ძალიან სერიოზული საუბრის" - წერდა ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი გამოცემა "Minval".

კრემლმა "როსსოტრუდნიჩესტვო" ოფიციალურად 2008 წელს, "დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით" შექმნა. ამასთან, ორგანიზაციის საკვანძო ამოცანებს შორის მითითებულია "უცხოეთში თანამედროვე რუსეთის შესახებ ობიექტური წარმოდგენის ჩამოყალიბების ხელშეწყობა". სადღეისოდ "როსსოტრუდნიჩესტვო", რომელიც უშუალოდ ექვემდებარება პრეზიდენტ პუტინს, მსოფლიოს 80 ქვეყანაში მოქმედებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვია - სსრკ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და შემდგომში რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის შვილიშვილი.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთმა "როსსოტრუდნიჩესტვოს" სანქციები დაუწესა, მათ შორის - იმ მიზეზით, რომ ეს ორგანიზაცია "წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც კრემლის ე.წ. რბილ ძალასა და ჰიბრიდულ ზეგავლენას აპროექტებს, "რუსსკი მირის" კონცეფციის გავრცელების ჩათვლით".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები