
სადავო პარლამენტმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა
06/02/2025 15:21:23 პოლიტიკა, საზოგადოება
სადავო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები ინიციირებულია ერთდროულად რვა კანონში, რომელიც ერთად განიხილეს, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება: შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე 500-დან 1000 ლარამდე თანხით ისჯებოდა, - ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.
ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზრდება, - ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე შუალედით; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.
ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში 2000 ლარით. მაგრამ განმეორების შემთხვევაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით (2000-დან 3000-მდე ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა). პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
განმეორების შემთხვევაში გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობით (აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე თანხით ან 7-15 დღიანი პატიმრობით ისჯებოდა).
შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე: სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, აღსრულების პოლიციელი, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.