Accentnews.ge
PHR: სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს სასამართლოში უჩივლეს

PHR: სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს სასამართლოში უჩივლეს

06/02/2025 15:50:13 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი ბავშვის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ.

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ცნობით, სასამართლო დავის საგანია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევა. საქმე ეხება 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგოს და მის ძმას. მათ დედას უვადო პატიმრობა მიესაჯა შვილის გაუპატიურების ხელშეწყობისთვის.

ორგანიზაციის ცნობით, ბავშვი ოჯახში ექვემდებარებოდა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას, მას აიძულებდნენ ქუჩაში მოწყალების თხოვნას, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო და რომ სააგენტოსთვის მშობლის მხრიდან არასრულწლოვნების უფლებების დარღვევის თაობაზე ცნობილი იყო სამი წლით ადრე, რის საფუძველზეც, ბავშვები ოჯახიდან სახელმწიფო ზრუნვაში გადაიყვანეს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სააგენტომ რამდენიმე თვეში ბავშვების ოჯახში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ის საფუძვლები, რის გამოც მოხდა ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა, კვლავ სახეზე იყო. ასევე, ბავშვების ოჯახში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მათთან საცხოვრებლად გადავიდა დედის მეგობარი მამაკაცი.

"რეინტეგრაციის (ოჯახში დაბრუნების) შემდეგ ოჯახთან მუშაობდა სააგენტოს სოციალური მუშაკი. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო არასრულწლოვნების მიმართ განგრძობითი ძალადობის იდენტიფიცირება",- ხაზს უსვამს ორგანიზაცია.

მეტიც, სააგენტოს შეფასებით, ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილი იყო კეთილსაიმედო გარემო, შესაბამისად, 3 წლის განმავლობაში სააგენტო აგრძელებდა რეინტეგრაციას.

"გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება დაეცვა ბავშვები ოჯახში უმძიმესი დანაშაულებისგან, სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგაც ვერ უზრუნველყო მათთვის საჭირო და საკმარისი სერვისების შეთავაზება და მათი უფლებების დარღვევის პრევენცია.

სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის პერიოდში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები დაექვემდებარნენ ზეგავლენას, მათი დაზარალებულად ყოფნის გამო",- აცხადებენ ორგანიზაციაში.

  • PHR მიუთითებს, რომ სააგენტოს მხრიდან საქმეში ვლინდება სხვა სისტემური ხასიათის დარღვევებიც: "სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის შემდეგ ბავშვებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ოჯახი".
  • ასევე, "მათ საქმეზე 6-ჯერ შეიცვალა სოციალური მუშაკი".
  • ამასთან, "მინდობით აღმზრდის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს სწავლებას მინდობით აღმზრდელისთვის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან კომუნიკაციის თავისებურებების თაობაზე".

სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების "სისტემურ დარღვევებზე" არასრულწლოვნებმა, PHR-ის ადვოკატების დახმარებით, მიმართეს საქალაქო სასამართლოს და ითხოვენ, სასამართლომ იმსჯელოს მათ დარღვეულ უფლებებზე. ასევე, სახელმწიფოს შეახსენოს თავისი ვალდებულება, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები ნებისმიერ სივრცეში და რა ზომები მიიღონ დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად.

PHR აღნიშნულ საქმეში ბავშვების სასარგებლოდ ზრუნვის სააგენტოსგან სოლიდურ კომპენსაციასაც ითხოვს.

საქმეზე მუშაობენ თამარ გაბოძე და თამარი კაპანაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S