რუსეთმა მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება აღუდგინა

06-02-2025 23:22:53 კონფლიქტები

მოსკოვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება აღუდგინა. სოხუმმა კრემლისგან თანხების კვლავ მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც დე-ფაქტო ხელისუფლებამ მზადყოფნა გამოთქვა, დაუბრუნდეს მოსკოვთან გაფორმებული იმ ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების განხილვას, რომელიც გასული წლის ბოლოს აფხაზეთში მასობრივი პროტესტისა და მის გამო დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის მიზეზად იქცა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გათვალისწინებული პირველი 344 მლნ რუბლი რესპუბლიკას უკვე გადაერიცხა. ჯამში კი, 2025 წლის აფხაზური ბიუჯეტის თანახმად, სოხუმი მოსკოვისგან 5,2 მლრდ რუბლის მიღებას ვარაუდობს და როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, "თანამშრომლობის ყველა პერსპექტიული გეგმა აუცილებლად განხორციელდება".

6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტობის კრემლის მიერ ფაქტობრივად ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი ბადრა გუნბა ხსენებული სადავო შეთანხმების გადახედვის ინიტიავით გამოდის. "დოკუმენტი ბევრ კითხვას წარმოშობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ინვესტიციები გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს აფხაზეთის გავითარებისთვის, თუკი ინტერესთა ბალანსი იქნება დაცული, შეგვიძლია, შეთანხმების განხილვას დავუბრუნდეთ" - განაცხადა გუნბამ რუსეთის მთავრობის ვიცე-პორემიერ ალექსანდრე ნოვაკთან შეხვედრაზე. საპასუხოდ ნოვაკი "სრულიად დაეთანხმა" და "ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით" დოკუმენტის ახალი პროექტის მომზადების პირობა დადო. ამავდროულად ნოვაკმა აცნობა გუნბას, რომ 7 თებერვლიდან რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას აღუდგენს, რათა რესპუბლიკა ამჟამინდელი სისტემატიური გათიშვებისგან იხსნას.

ცნობისთვის: რუსეთმა აფხაზეთის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებს, მათ შორის ძალოვანებს, მედიკოსებს, პედაგოგებსა და სხვებს დაფინანსება 2024 წლის სექტემბერში "გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო" შეუწყვიტა. რა ვალდებულებებზე იყო საუბარი - მოსკოვს საჯაროდ არ დაუკონკრეტებია, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლებამ აგვისტოში განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსება გადაიფიქრა. მოსკოვის დაფინანსების შეწყვეტიდან მალევე რესპუბლიკაში საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ანაზღაურების გაცემის კუთხით პრობლემები გაჩნდა: დე-ფაქტო ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა აცხადებდა, რომ მთელი ფული რუსეთიდან შემავალი ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ხმარდებოდა და მოსკოვს სოციალური დაფინანსების აღდგენის თხოვნით მიმართავდა.

საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტას "ვალდებულებათა ბალანსს" უკავშირებდა და მართალია, ვალდებულებები საჯაროდ არც მას დაუკონკრეტებია, მაგრამ მალევე აფხაზურმა "პარლამენტმა" მოსკოვისთვის დაპირებული კანონპროექტების მიღება დაიწყო: სექტემბერში აფხაზმა "დეპუტატებმა" ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარპიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და ურთიერთაღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს. თუმცა ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება სახალხო პროტესტის გამო ვერ მოხერხდა. დოკუმენტი, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საკუთარი პროექტების პრაქტიკულად უფასოდ რეალიზების შესაძლებლობასა და მთელ რიგ სხვა პრივილეგიებს ანიჭებს, 3 დეკემბერს საბოლოოდ ჩავარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები