აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო

25-02-2020 23:41:24 მსოფლიო

აშშ-ში ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კლინიკური გამოცდა დაიწყო,– ამის შესახებ BBC აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატის ტესტირება ნებრასკას სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

პრეპარატი სახელწოდებით „რემდესივირი“ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეად საიენსმა“ შექმნა.

ამჟამად მისი გამოცდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებზე მიმდინარეობს. პირველი პაციენტი, ვინც „რემდესივირს“ ღებულობს, იაპონიაში საკრუიზო ხომალდიდან აშშ-ში ევაკუირებული მოქალაქეა.

მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის მთავრობას შეატყობინა, რომ „რემდესივირის“ პირველმა ტესტმა აჩვენა, რომ მას კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.

„ახლა არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, რომელიც ჩვენი აზრით, ეფექტურია და ეს არის „რემდესივირია“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები