
ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩეხეთის მოქალაქეობის მიღება აკრძალა
07/02/2025 06:01:29 მსოფლიო
ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩეხეთის მოქალაქეობის მიღება აკრძალა. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა.
კანონის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა [ გამონაკლისს წარმომადგენენ პოლიტიკური ლტოლვილები და 15 წლამდე ასაკის ბავშვები] საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც ვერ მიიღებენ ჩეხეთის მოქალაქეობას უკრაინაში ომის დამთავრებამდე. ადამიანის უფლებების დამცველებმა კანონის ეს ნაწილი გააკრიტიკეს.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც "კრძალავს არაავტორიზებულ თანამშრომლობას უცხო ქვეყანასთან". უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გააკრიტიკა შემოღებული სისხლის სამართლის სასჯელი „უცხო სახელმწიფოსთან არაავტორიზებული თანამშრომლობისთვის“. მან შესწორებას უწოდა "ყველაზე სასტიკი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე" კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ.
კანონის მთავარი ნაწილი განსაზღვრავს უკრაინელი ლტოლვილების ქვეყანაში მიღების წესს. ლტოლვილების მიღების რეჟიმი ერთი წლით გაგრძელდა, დროებითი დაცვა მათ საშუალებას აძლევს იქონიონ სახელმწიფო დაზღვევაზე, განათლებასა და შრომის ბაზარზე წვდომა, ეკონომიკურად დამოუკიდებელ ლტოლვილებს ახალი ნორმა შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჩეხეთში ცხოვრების საგანგებო ნებართვა, რომელიც მოგვიანებით მათ საშუალებას მისცემს, მუდმივად დარჩნენ იქ საცხოვრებლად.
ამავდროულად, დოკუმენტის თანახმად, "გართულდება უკრაინელ ბავშვებს სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში მიღება". კანონის ეს ნაწილი ადამიანის უფლებების დამცველების მიერ შეფასდა, როგორც "დისკრიმინაციული".
დოკუმენტის ავტორებმა ეს დებულებები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნეს.