
ყაველაშვილმა პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ცვლილებებს ხელი მოაწერა
07/02/2025 09:58:41 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი სადავო პარლამენტის მიერ განხორციელებულ კანონთა პაკეტს, რომლითაც მნიშვნელოვნად მკაცრდება შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.
ხელმოწერილი კანონები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია: შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა ჯარიმით 500-დან 1000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე. ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზრდება - ცვლილებით, თანხა განისაზღვრა 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე.
ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში - 2000 ლარით. მაგრამ განმეორების შემთხვევაში, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა.
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით; აქამდე 2000-დან 3000-მდე ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა. პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ ისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე თანხით ან 7-15-დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი;სამხედრო მოსამსახურე;სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;აღსრულების პოლიციელი;„სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.
კანონმა განსაზღვრა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნებაც, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“. დემონსტრანტებმა გაფრთხილება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ სულ მცირე 5 დღით ადრე.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ახალი ცვლილებები კრძალავს ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას. კრძალავს მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარებას. კრძალავს „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“. ყველაფერი ეს დაისჯება 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.