
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი”: „ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბრძანების გაუქმებასთან დაკაშვირებით შესაძლოა, სამართლებრივ ღონისძიებებს მივმართოთ“
31/05/2019 15:17:15 ეკონომიკა
“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” განცხადებით, კომპანიამ 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკაშვირებით შესაძლოა, სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოს.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთი ყურადღებით ადევნებს თვალყურს 2019 წლის 2 მაისის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ამჟამად, საფუძვლიანად ვაანალიზებთ აღნიშნული ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განვიხილავთ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მივმართოთ.
ამასთან, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხისადმი და ჩვეულებისამებრ, ვაგრძელებთ შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რათა შენარჩუნდეს ფოთისა და მისი ნავსადგურის განვითარების მტკიცე მხარდაჭერა”,- ნათქვამია “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” განცხადებაში.
ცნობისთვის: 28 მაისს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.
როგორც 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ.