Accentnews.ge
თურაძე: თურმე არც ერთმა პოლიციელმა არ თქვა, რომ დგებუაძე მზიას არასათანადოდ ექცეოდა

თურაძე: თურმე არც ერთმა პოლიციელმა არ თქვა, რომ დგებუაძე მზიას არასათანადოდ ექცეოდა

07/02/2025 15:36:53 საზოგადოება

სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დაკავებული ნმედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად იკრიბებიან.

მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს.

"ხელისუფლება მზიასგან ითხოვს ბოდიშის მოხდას... მზიას მიმართ დამამცირებელ გზებს მიმართეს პოლიციის შენობაში და ეს არავის გამოუძიებია! დაკითხეს 10 პოლიციელი, მათ შორის ირაკლი დგებუაძე, რომელიც მზიას თქმით, მას დამამცირებლად ეპყრობოდა და თურმე არც ერთმა პოლიციელმა არ თქვა, რომ ეს ადამიანი მზიას არასათანადოდ ექცეოდა. დღეს, 21-ე საუკუნეში მხოლოდ მოწმეების ჩვენება საკმარისი მტკიცებულება რატომ უნდა იყოს, თან პოლიციის შენობაში, მათი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ... როგორ წარმოგიდგენიათ, ამას რომელი პოლიციელი გაბედავდა და გააკეთებდა და რატომ არ არის სხვა მტკიცებულებები - ვიდეოჩანაწერები და ა.შ.? მზიას არასათანადოდ მოექცნენ, დაამცირეს, როგორც ქალი, ადამიანი და ახლა მას მოსთხოვო, მოიხადოს ბოდიში, ეს არის უკიდურესი ცინიზმი, მით უფრო, ეს გამოიყენო მოშიმშილე ქალის მიმართ, რომელიც 27-ე დღეა შიმშილობს",- თქვა „ბათუმელების” მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ.

ამჟამად ამაღლობელთან სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული ექიმთა კონსილიუმია შესული.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S