"მაინც მგონია, რომ ლავროვი უნდა ჩამოვიდეს და ჩატარდეს მრავალათასიანი მიტინგი"

26-02-2020 00:49:10 ციტატა

"მაინც მგონია, რომ ლავროვი [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი] უნდა ჩამოვიდეს და საქართველოში უნდა ჩატარდეს ძალიან დიდი საპროტესტო მიტინგი რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ" - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში სერგეი ლავროვის თბილისში შესაძლო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

"მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ მივესალმებით თავად მინისტერიალს, მაგრამ მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა. აქცია უნდა იყოს მრავალათასიანი, მაგრამ მშვიდობიანი. ოპოზიციამ მსოფლიოს და საქართველოს ამომრჩეველს უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობიანი ოპოზიციაა. რა თქმა უნდა, ლავროვი თუ ჩამოვა, ჩამოვა ასარევად, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება, მსოფლიოში წარმოვჩინდეთ, როგორც არაცივილიზებული ერი" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ევროსაბჭოს მინისტერიალი საქართველოს დედაქალაქში მაისში უნდა ჩატარდეს. ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. თუმცა მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ლავროვის დილემის გამო მაისისთვის დაგეგმილი სხდომის თბილისიდან სტრასბურგში შესაძლო გადატანის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები