
კობახიძემ ევროსაბჭოს გენმდივანს უარი უთხრა სამუშაო ჯგუფზე, რომელზეც მანამდე იყვნენ შეთანხმდებული
07/02/2025 20:41:11 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს უარი უთხრა ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, რაზეც 20 დეკემბერს შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 3 თებერვალს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძეს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში შესწორებების შესატანად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმება 2024 წლის 20 დეკემბერს ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული. 20 იანვარს ევროპის საბჭოს სამდივნომ წერილი გააგზავნა, რომელშიც ოფიციალურად მოითხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
განცხადების თანახმად, ორშაბათს, 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს, კობახიძემ განაცხადა, რომ "შეცვლილი გარემოებების გამო" საქართველოს მთავრობას აღარ სურს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის შესაცვლელად ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა, როგორც ეს წინასწარ იყო შეთანხმებული.
"გენერალურმა მდივანმა დიდი შეშფოთებით აღნიშნა საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილება. მან ასევე თავისი შეშფოთება გაიმეორა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისევე როგორც პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციაზე. ახლა მიზანი ახალი ვითარების გავლენის შეფასებაა, რომლებიც მთავრობის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. საქართველოს ოფიციალურ პირებთან დიალოგი მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.