08-02-2025 16:13:50 პოლიტიკა
8 თებერვალს ბათუმში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ კვლავ სინანული მოითხოვა დაპატიმრებული მედიამენეჯერის მზია ამაღლობელისგან, რომელიც 28 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
მან თქვა, რომ ამის შემდეგ შეიძლება "საუბარი ნებისმიერ თემაზე". მანამდე, 7 თებერვალს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, სადაც ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მას შეხვედრა შესთავაზა „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ.
„მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. თუ ვინმეს უნდა, გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით“, - თქვა ბათუმში ჩასულმა კობახიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის კაია კალასის მხარდამჭერ განცხადებას მზია ამაღლობელის შესახებ.
„მზია, რომელიც შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - თქვა კალასმა 7 თებერვალს.
ირაკლი კობახიძე კაია კალასის ნათქვამს „სამარცხვინო ტყუილს“ უწოდებს და ამბობს, რომ სიცრუეა, „რომ თითქოს ჟურნალისტი აზრის თავისუფალი გამოხატვის გამო ზის ციხეში“.
„ასეთ სამარცხვინო ტყუილებზე ვერ გვექნება ვერანაირი რეაგირება“, - თქვა კობახიძემ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.