ნათია თურნავა: "ტურიზმი დარტყმის ქვეშ დგება"

26-02-2020 01:36:50 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო ფრენების შეზღუდვა ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამიტომაც წავედით ისეთ არაპოპულარულ ზომებზე, როგორიც პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერებაა. რა თქმა უნდა, ეს ზომები დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმი დგება დარტყმის ქვეშ", - აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობა დააკვირდება, რამდენ ხანს გაგრძელდება "ეს გამოწვევა" და გარკვეულ ანტიკრიზისულ ზომებზე იფიქრებს.

ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის ქვეყანაში შემოღწევის თავიდან ასარიდებლად საქართველოს მთავრობამ ირანთან ფრენები 23 თებერვალს შეზღუდა. მანამდე, 29 იანვარს შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. რაც შეეხება იტალიას, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არც იტალიასთან და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით მოგზაურობის შეზღუდვის წინადადება ამ ეტაპზე არ განიხილება.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები