
ISSA-ს კვლევა: გამოკითხულთა 82,1% ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, 77,9%-ის აზრით, პასუხისმგებელი "ქართული ოცნებაა"
10/02/2025 07:33:55 საზოგადოება
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82,1%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, 78%-მდე პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს.
გამოკითხულთა 67.1%-ს ირაკლი კობახიძის მიერ, 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება მიუღებლად მიაჩნია. უმრავლესობა (55%-მდე) თვლის, რომ "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთან, 30.1%-ის აზრით, "ქართული ოცნება" ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ "ქართული ოცნება" დგას დასავლეთთან (ევროპა, აშშ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე, რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 38,6% - ერთპარტიული პარლამენტი
- 33,7% - მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით
- 11,9% - დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება
- 13,3% - ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები
- 15,4% - პოლიტიკური პატიმრების არსებობა
- 17,1% - უცხო ქვეყნების/ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
- 11,7% - ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები
- 7,6% - პოლარიზაციის გამძაფრება
- 12,6% - ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი
- 2,6% - სხვა
- 2,4% - არც ერთი
- 4,1% - არ ვიცი
- 0,5% - უარი პასუხზე
კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, მოქალაქეები შემდეგნაირად პასუხობენ:
- 77,9% - ქართული ოცნება
- 16,0% - ნაციონალური მოძრაობა
- 16,5% - სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
- 5,1% - არასამთავრობო ორგანიზაციები/ენჯეოები
- 3,9% - ევროკავშირი/ევროპის ქვეყნები
- 2,1% - აშშ
- 9,1% - რუსეთი
- 23,6% - ბიძინა ივანიშვილი
- 1,1% - გლობალური ომის პარტია და "დიპ-სტეიტი"
- 3,7% - ოპოზიციური მედია
- 3,2% - სახელისუფლებო მედია
- 1,5% - სხვა
- 2,7% - არ ვიცი
- 0,9% - უარი პასუხზე
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.