10-02-2025 12:41:38 საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციების მიმდინარეობისას სათვალთვალო კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულების დანიელ მუმლაძისა და გურამ ხუტაშვილის სასამართლო განხილვა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამო ერთი თვით გადაიდო.
სხდომაზე დაკავებულების ადვოკატებმა ომარ ფურცელაძემ და გელა ნიკოლეიშვილმა თქვეს, რომ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. მათი შეთავაზებაა, რომ დაკავებულები პირობითით გაათავისუფლონ და ზარალის ანაზღაურება დაავალონ. საუბარია 12 100 ლარზე.
პროკურორ თამარ იაკობიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს დაცვის მხარის განცხადების შესწავლა.
მოსამართლემ მხარეებს სხდომის ერთი თვით გადადება შესთავაზა. პროკურორის თქმით, ამ ერთი თვის განმავლობაში მხარეს პასუხს აცნობებენ.
„გიდასტურებთ, რომ დაცვის მხარემ წერილობით მომართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და დღეის მდგომარეობით ამ განცხადების განხილვა მიმდინარეობს. კონკრეტული სასჯელი დაკონკრეტებული არ აქვთ განცხადებაში - ითხოვენ რომ ბრალდებულებს განესაზღვროთ მსუბუქი სასჯელი. ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მოგვმართა წერილობით, მეორე ბრალდებულის ადვოკატმა მხოლოდ პროცესზე გააჟღერა, რომ სურს შეთანხმების მიღება. მისი ზეპირი განცხადების მიღება მოხდება ერთიანად. პირობებზე ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ.
გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმებაზე იღებს პროკურორი, ზემდგომი პროკურორი წერილობით გადაწყვეტილებას ეთანხმება. ზემდგომი პროკურორია ვანო ოქროპირიძე… ბრალდებულებმა აღიარეს, რომ განზრახ ჯგუფურად აზიანებდნენ“, – განაცხადა მედიასთან თამარ იაკობიძემ.
მომდევნო სხდომა 7 მარტს, 11:00-ზე დაინიშნა.
26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ორივეს აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დანიელ მუმლაძე ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობდა. ამავე რესტორანში მიმტანი იყო გურამ ხუტაშვილი.
წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გურამ ხუტაშვილი სოციალურად დაუცველია, დანიელ მუმლაძე კი – ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.