
"არის წარმოუდგენკად მზაკვრული გეგმა - პატიმრებზე ზეწოლა, შედის სუსი" - ფარული ვიზიტები დაკავებულებთან
10/02/2025 13:33:38 საზოგადოება
პროევროპულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი გუჯა ავსაჯანაშვილი გეგმავს, ეთიკის კომისიას მიმართოს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უცხო ადვოკატი იყო შესული მისი გვერდის ავლით და ოჯახის ნებართვის გარეშე.
ვიზიტის შესახებ თავად ჯავახიშვილი საუბრობს, რომელიც ერთი კვირაა, მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს:
"ჩემთან 7 თებერვალს შემოსული იყო ვინმე დავითი, გამეცნო როგორც ადვოკატი, რომელიც არ იყო ჩემი ოჯახის მიერ დაქირავებული ან შემოგზავნილი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მეღიარებინა ის დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია და სხვებისთვის დამედო ხელი. რა თქმა უნდა მან ჩემი დარწმუნება ვერ შეძლო ასეთი არაკაცური საქციელის ჩადენის და ტყუილად დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალების, როცა მსგავსი არაფერი ჩამიდენია. არ ვიცი, რა მოტივი ჰქონდა ამ ადამიანს, ან რა განზრახვა ამოძრავებდა." - წერს ნიკოლოზ ჯავახიშვილი წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა.
ავსაჯანაძვილი თვლის, რომ სახელმწიფო ამ ფორმით ცდილობს პატიმრებზე ზემოქმედებას.
ადვოკატი დავით გამყრელიძე გახდა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაპატიმრებული ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი საქმის განხილვის ბოლო ეტაპზე. საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ ომარ ოკრიბელაშვილს და 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულ საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მათ ბრალი აღიარეს – წარდგენილი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმნენ მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.
დავით გამყრელიძემ მედიასთან თქვა, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შეხვედრა სთხოვა ომარ ოკრიბელაშვილმა და მისი მდგომარეობის გარკვევა.
პროევროპულ აქციებზე დაკავებული კიდევ ერთი პირის - ანდრო ჭიჭინაძის დედის ინფორმაციით, მსგავსი წინადადებებით სხვა დაკავებულებთანაც განხორციელდა ვიზიტები.
"მართლა 37 წელია, ხალხნო ... არის წარმოუდგენელი მზაკვრული გეგმა - პატიმრებზე ზეწოლა...შედის სუსი (ეს არ არის ადვოკატი), ვინმე გამყრელიძე. მე ის ინფორმაციაც მაქვს, რომ მხოლოდ ჯავახიშვილთან არ იყო შესული - სხვებთანაც იყო...აიძულებს, რომ "ჩაუშვან" სხვები იმაში რაც არ ჩაუდენიათ. ვიცი, რომ ბევრმა უარი უთხრა შეხვედრაზე, ბევრმაც გამოაგდო. ითხოვდნენ იმას, რომ დაედოთ ერთმანეთისთვის ხელი, რომ ერთად ჩაიდინეს დანაშაული. ალბათ, ჯგუფურზე მუშაობენ. და ითხოვდნენ პოლიტიკოსების სახელეს და გვარებს, თითქოს მათთან არიან შეკრულები",- ამბობს ლიკა გუნცაძე.