
ზურაბ ჩხაიძე: მზია ამაღლობელი დათანხმდა, გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი
10/02/2025 13:53:03 საზოგადოება
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც 30 დღეა შიმშილობს, კლინიკაში რჩება. ამაღლობელი კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანას მოითხოვდა
ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამაღლობელს გააცნეს 30-დღიანი შიმშილობისას შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაცია, რაც მზია ამაღლობელმა გაითვალისწინა და ის მონიტორინგის მიზნით, კლინიკაში რჩება.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს, თუმცა მას აქვს გარკვეული სახის ჩივილები, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამ შიმშილის ეფექტს ამდენი დღის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პარასკევს ექიმთა ჯგუფმა ნახა პაციენტი, შემდეგ ჩვენ შევხვდით მათ და ერთობლივი, შეჯერებული რეკომენდაციები გავეცით, რაზეც პაციენტმა თანხმობა განაცხადა. აქ იყო საუბარი იმ სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებაზე და იმ გართულებების პრევენციაზე, რაც ახასიათებს, ზოგადად, ამდენი დღის შიმშილის ეფექტს. დღეს დილიდან მკურნალ ექიმთან ერთად გავიარეთ ეს ყველაფერი, შესრულდა საკონტროლო კვლევები, ვნახეთ სხვადასხვა პარამეტრი, ლაბორატორიული კვლევის შედეგები. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ შევხვდით პაციენტს, ავუხსენით მისი მდგომარეობა, მონიტორინგის აუცილებლობა და მოსალოდნელი გართულებები.
უნდა გითხრათ, რომ ქალბატონი მზია საკმაოდ გონიერი ადამიანია და აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს ამ ყველაფერს. მან გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და უგრძელდება მონიტორინგის პროცესი, ჩვენი კლინიკის პირობებში. კლინიკაში რჩება",- თქვა თქვა ჩხაიძემ.
მისი თქმით, 30-დღიანი შიმშილობის ჩივილები უკავშირდება "ზოგად სისუსტეს":
"ჩივილები იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შეიძლება მოხდეს გარკვეული გართულება, ამიტომ, ინფორმირებულია ამ გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, მან განაცხადა თანხმობა. მან გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ გავუწიეთ, ავუხსენით მას მოსალოდნელი გართულების შესახებ და აქედან გამომდინარე, ის დასთანხმდა, გაგრძელდეს კლინიკის პირობებში მონიტორინგის პროცესი”.