
"დოკუმენტის დანართი, რომელიც გავაუქმე, არის ჩემს დანიშნვამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდები"
31/05/2019 15:37:52 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უწყების ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მან გუშინ გააუქმა, "არის მის დანიშნვამდე სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული მიწის კოდები".
„ის, რომ ეს ფაქტი არ ახსოვდა ჩემს წინამორბედს (გიორგი ქობულია), სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში მის კომუნიკაციაზე მეტყველებს და რომელიც ჩემამდეც არსებობდა სამინისტროში. ამიტომ ეს უნდა გამოვასწოროთ – მინისტრებმა უნდა ვიცოდეთ, სად რა ხდება და მსგავსი ფაქტები არ უნდა განმეორდეს. [...] ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემული იმ დოკუმენტის დანართი, რომელიც მე გავაუქმე, არის სახელმწიფო მიწის კოდები, რომლებიც, როგორც ჩანს, ინვესტორმა ამოკრიფა საჯარო რეესტრიდან და თან დაურთო ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მიწა, რომელზეც ინვესტორი აპირებს მშენებლობას, ეკუთვნის არა მას, არამედ სახელმწიფოს", - განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, ეს არის წინასწარი, ე.წ. „მიწათსარგებლობის პირობები", რომელიც იმდენად დაბალი რანგის დოკუმენტია, რომ იურიდიულად მტკიცდება არა მინისტრის, არამედ სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელის ბრძანებით.
„მიუხედავად ამისა, უნდა შემდგარიყო ეს კომუნიკაცია და სააგენტოს უფროსს საქმის კურსში უნდა ჩავეყენებინე. სწორედ ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე და გავათავისუფლე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დაკავებული თანამდებობიდან... რას ემსახურება ეს გადაჭარბებული აჟიოტაჟი, მიჭირს ამაზე პასუხი, უბრალოდ, შემიძლია, ვივარაუდო, რომ აქ ადგილი აქვს პასუხისმგებლობების გადაბრალების მცდელობას იმიტომ, რომ ისევ ვიტყვი, ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლიის პორტი, ამას ადასტურებს ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც ანაკლიის პროექტს აქვს - ფინანსურად, იურიდიულად, ორგანიზაციულად, პოლიტიკურად", – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: 28 მაისს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.
როგორც 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ.