აზერბაიჯანმა რუს დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

10-02-2025 18:03:29 კავკასია

აზერბაიჯანმა რუსი დეპუტატი ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

როგორც განიმარტა, აღნიშნულის მიზეზი ვალუევის მოწოდებები გახდა აზერბაიჯანული დიასპორის წინააღმდეგ.

"რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნიკოლაი ვალუევის შეურაცხმყოფელი განცხადებები აზერბაიჯანისა და ჩვენი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია. ისევე როგორც მისი მუქარა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი სახელი შეტანილია იმ პირთა სიაში, რომელთაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული აქვთ," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა შეხსენებით, რომ ნიკოლაი ვალუევი არ არის სახელმწიფო სათათბიროს პირველი დეპუტატი, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. კერძოდ, აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, პერსონა ნონ გრატად ადრე გამოცხადდნენ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი და ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მილონოვი, რომლებიც "აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ" გამოვიდნენ.

"სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს დეპუტატი, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ისაუბრა, არის რუსული მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" წევრი", - შენიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების სპიკერმა.

გასული წლის ბოლოს, 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ყაზახეთში ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაამკაცრა მიგრაციის წესები რუსეთში მუდმივად მცხოვრები რუსებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. მათ აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა წელიწადში მხოლოდ 90 დღემდე შეუძლიათ. ეს წესი ძალაში 2025 წლიდან შევიდა.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შეატყობინა რუსეთს ქვეყანაში "როსოტრუდნიჩესტვოს "(რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრის) წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ვალუევმა​​ ბაქოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები