Accentnews.ge
TI: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროტესტის სამი მონაწილის საქმეში ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას

TI: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროტესტის სამი მონაწილის საქმეში ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას

10/02/2025 16:14:44 საზოგადოება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ცნობით, ორგანიზაციამ შეისწავლა პროტესტის 3 მონაწილის გიორგი ახობაძის, ნიკოლოზ კაციას, ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის საქმეები.

TI–ს ინფორმაციით, "ყველა ამ საქმეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირების მიმართ ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების ჩადებას, რაც აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზანს ემსახურებოდა".

"სამი სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროტესტო აქციების მონაწილე პირების მიმართ, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ნარკოტიკების „ჩადების“ დანაშაულებრივ და სამარცხვინო პრაქტიკას კვლავაც გავრცელებული ხასიათი აქვს. მეტიც, ეს პრაქტიკა გამოიყენება სამოქალაქო პროტესტის მონაწილე პირების მიმართ, რათა მოხდეს მთლიანი საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია, აქტივისტების სამაგალითოდ დასჯა, საზოგადოების დაშინება და, საბოლოო ჯამში, რეჟიმის მიერ ფაქტობრივი ძალაუფლების შენარჩუნება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში არაერთი საქმე აქვს წაგებული სწორედ ნარკოტიკების „ჩადების“ გამო და ამ პრობლემის გადაწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც შეეცადა, ეს მავნე ტრადიცია გრძელდება ზუსტად ისეთი ფორმებით, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აქვს წესად დანერგილი სამართალდამცავთა თითოეულ თაობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებში დადგენილი პრეცედენტული სტანდარტების მიუხედავად, კვალავაც გავრცელებული პრაქტიკა აქვს:

გამოძიების დაწყებას ე.წ. „კონფიდენციალური წყაროს“ მიერ მოწოდებული „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე, რომლის სანდოობის და უბრალოდ რეალურად არსებობის შემოწმება არ ხდება;

პირის პირადი, საცხოვრისის, მანქანის თუ სხვა მფლობელობის ჩხრეკა ტარდება არა სასამართლოს წინასწარი განჩინების, არამედ ჩხრეკის შემდგომ მისი „კანონიერად ცნობის“ საფუძველზე;

ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების შესახებ ჩვენებებს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და სხვა, მათთან დაახლოებული პირები იძლევიან, რომელთაც ინტერესი აქვთ საქმის ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ;

ჩხრეკა ტარდება ნეიტრალური მოწმეების დასწრებისა და ვიდეოჩაწერის ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც ობიექტურ დამკვირვებელს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაში დაარწმუნებდა; ნიშანდობლივია, რომ ახობაძის და კაციას შემთხვევაში ნეიტრალური მოწმეები - ერთ შემთხვევაში ბრალდებულის თანამგზავრი და მეორე შემთხვევაში ტაქსის მძღოლი იქვე იყვნენ, მაგრამ ჩხრეკას ისინი არ დაასწრეს;

სასამართლო კონტროლი ჩხრეკა-ამოღების პროცესზე უკიდურესად ფორმალურ და არაეფექტიან ხასიათს ატარებს, სასამართლოს განჩინება ჩხრეკა-ამოღების კანონიერად ცნობის თაობაზე გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფით.

გარდა ამისა, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების შემთხვევაში ხდება ხოლმე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა ამ შემთხვევებშიც არ იქნა ჯეროვნად დასაბუთებული. დაცვის მხარის მიმართ ადგილი ჰქონდა მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევას, რადგან შუამდგომლობები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით დაუსაბუთებლად არ იქნა დაკმაყოფილებული.

პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოგონილი და ყალბი ბრალდების საქმეების შეკერვის გამო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები:

ლევან ტაბიძე

ალექსი კობერიძე

რევაზ ზირაქაშვილი

გიორგი ხარგელია

გიორგი გურეშიძე

გიორგი ლობჟანიძე

გრიგოლ კაჭკაჭიშვილი

პაატა მჭედლიშვილი

ლაშა თავაძე

ემილ კუპრავა

მირზა ჯაფარიძე

ლაშა ხარხელაური

გიორგი როსოფიძე

არჩილ ნაცვლიშვილი

ედგარ ოგანესიანი

გიორგი ჩიკვაიძე

ზურაბ რუსიშვილი

პროკურორები:

შმაგი გობეჯიშვილი

ნუგზარ ჭიტაძე

მოსამართლეები:

არსენ კალატოზიშვილი

სპარტაკ პავლიაშვილი

ლელა მარიდაშვილი

ირაკლი ხუსკივაძე

თამარ მჭედლიშვილი

მზია გარშაულიშვილი

ნანა შამათავა",– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S