საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან განუსაჯაროებელი შეხვედრა გამართეს

26-02-2020 10:07:21 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებთან განუსაჯაროებელი შეხვედრა გამართეს. შეკრების ინიციატორი აშშ–ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუთი იყო.

მხარეები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში თათბირობდნენ. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გააკეთეს.

მათი განცხადებით, შეკრება არაფორმალური იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა:

"საუბარი იყო პოლიტიკურ თემებზე, არავითარი შეთავაზებები არ გაკეთებულა, არავითარი შეთავაზებები არ მიგვიღია, არავითარი შეთანხმებები არ ყოფილა. კონკრეტული საკითხები არ წამოჭრილა იმიტომ, რომ საუბრის დასაწყისშივე ყველამ დააფიქსირა, რომ იგივე პოზიციებზე რჩებიან".

პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერ დავით უსუფაშვილის შეფასებით კი, "დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ უკეთ გაიაზრა შექმნილი ვითარება":

"შეხვედრამ დაგვანახა, რომ ზოგადად ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და ის პრობლემები, რაც ქვეყანას დაემართა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იყო არაფორმალური ურთიერთგაცვლა პოზიციების. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დავადასტურეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები - ეს არის გასაღები და გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან".

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ეს შეხვედრა არ იყო იმ ფორმატის, რომ რაიმე შეთანხმების მიღწევა მომხდარიყო:

"სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ. ბუნებრივია, პოლიტიკოსები იყვნენ, ელჩები იყვნენ და შესაბამისად, სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოსთვის აქტუალურია. მაგრამ ეს არ ყოფილა ის ფორმატი, რომელზეც შეიძლება, რაიმე შეთანხმება მოხდეს. უფრო ზოგადად ვსაუბრობდით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ".

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ თუ პოზიციები დაახლოვდება, შემდეგში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართოს:

"ეს არ იყო მოლაპარაკებების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების და ხედვების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იქნას ნაპოვნი. არ არის გამორიცხული, რომ თუ პოზიციები დაახლოვდება, შემდეგში შეხვედრაც გაიმართოს. მთავარია, ყველამ გავითავისოთ, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახლა შედის ყველას ინტერესში და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის ინტერესში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები