11-02-2025 10:02:42 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების განკარგულებას.
დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "აშშ-ს ფოლადის და ალუმინის ადგილზე წარმოება სჭირდება, ქვეყანაში მრეწველობის დაბრუნების დროა და ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია".
ახალი საბაჟო ტარიფი ვრცელდება ყველა ქვეყანაზე, საიდანაც ამ პროდუქციის იმპორტირება ხდება. შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან მეზობელი კანადა და მექსიკა. ასევე, სამხრეთ კორეა.
კანადის ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა "ქაოსში, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკას". ონტარიოს პროვინცია კანადაში ფოლადის წარმოების ძირითადი ადგილია.
საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ფოლადისა და ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანიების აქციების კურსის ვარდნა გამოიწვია.
ალუმინის დისტრიბუტორი ამერიკული კომპანია PerenniAL-ის დირექტორის, ბრაიან ჰესეს შეფასებით, დღევანდელი ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის ნახევარსაც ვერ დააკმაყოფილებს. ჰესეს განცხადებით, ალუმინის ადგილზე წარმოების გაზრდას მასზე მეტად არავინ ემხრობა, მაგრამ ეს გონივრულად, რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა კეთდებოდეს.