Accentnews.ge
კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა უცვლელი დარჩა

11/02/2025 11:43:56 პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. თუმცა გაუარესებულია წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით. მაგალითად, 2016 წელს 57-ით ფასდებოდა, 2018 წელს - 58-ით, მას შემდეგ კორუფციის ინდექსში საქართველოს პოზიციები თანდათანობით გაუარესდა და 2023 წელს 53-მდე ჩამოვიდა. აღნიშნული ქულა შენარჩუნდა 2024 წელსაც.

"ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.

ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა.

ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით,"- ნათქვამია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.

კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

„CPI-ის ვიწრო არეალის გამო, ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა, არ არის ასახული ქულებში… ზოგიერთმა მთავრობამ არასწორად გამოიყენა მიღებული შედეგები დამახინჯებული ნარატივის შესაქმნელად. მაგალითად, საქართველოში, მთავრობამ CPI-ის ქულები 2012 წლიდან ვერ გააუმჯობესა, თუმცა აგრძელებს შედეგის დიდ მიღწევად წარმოჩენას, რათა გადაფაროს მისი სერიოზული თავდასხმები დემოკრატიულ პროცესებზე, კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო თავისუფლებებზე,"- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S