Accentnews.ge
ირაკლი კობახიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია

ირაკლი კობახიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მოიწვია

11/02/2025 14:51:59 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს დუბაიში გამართული მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შეხვდა.

როგორც "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური იუწყება, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია.

"საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. ირაკლი კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია. ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაური ქუვეითში ვიზიტით მიიწვია. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი საქართველოში მოიწვია”, - ნათქვამია "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, თუმცა მას ეს ქვეყნები არ დაუკონკრეტებია.

"მქონდა გამოსვლა სამიტზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ დღეს გვქონდა საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, შეხვედრებს შორის გვქონდა საუბრები არაფორმალურ ფორმატში. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, ასეთ ფორმატებს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოგვიანებით, "ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე და აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰი შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მხარის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით:

„ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის დროს ჩვენ შევეხეთ პოტენციურ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. ქუვეითიდან ტურისტების ნაკადი საქართველოში მზარდია და ეს ტენდენცია ალბათ მომავალშიც გაგრძელდება. ქუვეითთან თანამშრომლობის პოტენციალი დიდია, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს სავაჭრო მიმართულებით, შეიძლება ეს იყოს დამატებითი ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ პოტენციურ პროექტებს, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ქუვეითელი ინვესტორებისთვის. საუბარი იყო ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროზე, საუბარია ასევე უძრავი ქონების მიმართულებით ინვესტიციებზე, მათ შორის, საცალო ვაჭრობაში ქუვეითელი ინვესტორების დაინტერესებაზე. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გახდეს პროდუქტიული და ხელშესახები, გადაწყდა პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით, ვფიქრობ, რომ ძალიან ეფექტური თანამშრომლობა შეიძლება გამოვიდეს უკვე უახლოეს ხანებში. მე იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წელს შედგება მაღალ დონეზე ვიზიტები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ქუვეითში, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქუვეითის მხრიდან ინვესტორებს. ჩვენი სამინისტრო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა რამდენიმე უმსხვილეს ჯგუფთან ქუვეითიდან და ვფიქრობ, რომ ის კავშირებიც, რომელიც უკვე დამყარებულია ქუვეითელ პოტენციურ ინვესტორებთან, მიმდინარე წელს დადებითად განვითარდება".

ცნობისთვის: ქუვეითი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცეს. ამ დრომდე მმართველ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს უნგრეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ჩინეთმა, თურქეთმა, ირანმა და ვენესუელამ.

"ოცნების" პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S