
კობახიძეს ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადებაც "უკრაინიზაციას" აგონებს
11/02/2025 15:29:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოს შესახებ "უკრაინიზაციას" აგონებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - განაცხადა კობახიძემ.
რა თქვა ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურომ
ევროპის საბჭოს კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "ეროვნულ დონეზე განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას".
- "კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად პატივი სცეს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს ეროვნულ დონეზე და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ადგილობრივ დონეზე და სამართლიანად მოეპყროს ყველა ქართველს, მათ შორის ადგილობრივ არჩეულ წარმომადგენლებს. [...] შემდეგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. არსებულ პირობებში მისი ჩატარება სიტუაციის გამწვავების რისკს ქმნის. ამიტომ, პოლიტიკური გარემოს არსებითი ცვლილების გარეშე, ეს არჩევნები უნდა გადაიდოს“, - ნათქვამია განცხადებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: მანამდე, კობახიძემ საქართველოს "უკრაინიზაციისგან" დაცვა "აგენტების კანონის" მიზნებს შორისაც დაასახელა. რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პახუსი მოჰყვა.
"ჩვენი ქვეყნის სახელის ასეთ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ხსენება დამატებით ზიანს აყენებს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს. რეალური საფრთხე საქართველოსთვის რუსიფიკაციაა და არა მითური „უკრაინიზაცია“, - ეწერა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.