
ECHR: რუსეთის კანონები არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას
11/02/2025 18:59:01 მსოფლიო
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაადგინა, რომ რუსეთში მიღებული კანონები "სამხედრო ფეიქებისა" და "რუსული არმიის დისკრედიტაციის“ შესახებ არღვევს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას შეეხება. ამის შესახებ სასამართლოს პრეს-რელიზშია ნათქვამი.
ECHR-მა განიხილა საქმე „„ნოვაია გაზეტა“ და სხვები - რუსეთის წინააღმდეგ“. მომჩივანები იყვნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაბლოკილი „ნოვაია გაზეტა“, ტელეარხი „დოჟდი“ და 178 სხვა, რომლებსაც ხსენებული რუსული კანონების საფუძველზე ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები სისტემური იყო და ფართოდ გავრცელებული, რაც განსხვავებული აზრის აღსაკვეთად კოორდინირებულ ძალისხმევაზე და არა ეროვნული უსაფრთხოებისთვის რაიმე საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებაზე მიუთითებს.
„არსებითად, ეროვნული სასამართლოები დანაშაულად მიიჩნევდნენ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კრემლის ოფიციალურ ვერსიას. ისინი საზიანოდ მიიჩნევდნენ ტერმინ „ომის“ გამოყენებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნაცვლად, ისე, რომ ანგარიშს არ უწევდნენ გამოყენებული გამოთქმების შინაარსს ან კონტექსტს,“ - აღნიშნა სასამართლომ.
გარდა ამისა, ECHR-ის დადგენილების თანახმად, ზოგიერთ მომჩივანთან მიმართებაში დაირღვა მე-5 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები („ადამიანის თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“), მე-8 მუხლი („პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“) და მე-3 მუხლი („არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა“).
ცნობისთვის: 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გააძევეს უკრაინაში შეჭრის გამო. ამის საპასუხოდ მოსკოვმა განაცხადა, რომ ECHR-ის მიერ ამ თარიღის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის კანონს 2022 წლის ივნისში მოაწერა ხელი. იმავე წლის 16 სექტემბერს რუსეთმა შეწყვიტა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მხარედ ყოფნა. ამგვარად, ის ECHR-ის იურისდიქციიდანაც გავიდა.
თუმცა ECHR მიიჩნევს, რომ თუ მომჩივანები სასამართლოს მიმართავენ 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლოს უფლება აქვს, განიხილოს ასეთი საქმეები. "ის, რომ რუსეთის ხელისუფლება არ მონაწილეობს ლგბტქ აქტივისტების წინააღმდეგ სამართალწარმოებაში, არ წარმოადგენს დაბრკოლებას საქმის განხილვისთვის და სასამართლოს აქვს იურისდიქცია, ყველა განცხადება განიხილოს, - აღნიშნავს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ.