
კახა კალაძე – „თბილისი ენერჯის“ ქსელში დაზიანებაზე: მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება
12/02/2025 11:11:09 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, „ამ ეტაპზე, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ „თბილისი ენერჯის“ ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა".
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება.
„იყო ვარაუდი, რომ შეიძლება მესამე პირის ჩარევის შედეგად მოხდა დაზიანება. ადგილზე რომ მივიდნენ და ნახეს მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი როგორი დაზიანებული იყო, აღმოჩნდა, რომ პრობლემა უშუალოდ გადაბმის წერტილში იყო. ამ ეტაპზე, იმაზე საუბარი, რომ მესამე პირის ჩარევით მოხდა აღნიშნული შემთხვევა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ გამოძიება დაწყებული არ არის. თუ კი რაიმე ახალი ინფორმაცია იქნება, საზოგადოებას მიაწოდებენ.
დღეს, ჩვენ მოვისმინეთ „თბილისი ენერჯის“ განცხადება, რომ პრობლემა ფაქტობრივად აღმოფხვრილია. კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციაც მქონდა. ბუნებრივი აირის მომხმარებლის დონეზე გაშვება შესაბამისი რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 9 თებერვალს "ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ, "მესამე პირის" მიერ დაზიანდა.