Accentnews.ge
ჩხაიძე – ამაღლობელზე: ყოველი შემდგომი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების

ჩხაიძე – ამაღლობელზე: ყოველი შემდგომი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების

12/02/2025 11:15:52 საზოგადოება

„ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგი კლინიკის პირობებში გაგრძელდება.

მისი თქმით, მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება.

როგორც მან აღნიშნა, "ყოველი შემდგომი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოების ფუნქციის მოშლის და გართულების"

მისივე თქმით, ამ დროისთვის გონების დაკარგვას ადგილი არ ჰქონია.

"ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს. ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა ინსტრუმენტალური კვლევების ჩართვა და ა.შ. რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას და მის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების.

ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩვენი საექიმო გუნდის მიერ და ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. იცით, რომ შემოსული იყო სახალხო დამცველი აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფი, ჩვენი ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, რადგან ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში.

ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 32-ე დღეა, შიმშილობს. 7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15 იანვარს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში გასაჩივრდა. 16 იანვარს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.

"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S