12-02-2025 20:18:34 საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც შსს გზის გადაკეტვაზე ან სხვა სამართალდარღვევაზე შეგვიდგენს ოქმს - იურისტი გოგა ხატიაშვილი მოქალაქეებისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემს:
"ახალი რეპრესიული ცვლილებების თანახმად (7 თებერვლიდან შევიდა ძალაში), შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები აღარ მიდის სასამართლოში და ჯარიმას პირდაპირ პოლიცია აკისრებს.
ასეთ სამართალდარღვევებს შორისაა: ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აქციაზე ლაზერის ქონა, ან სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა.
მოქალაქეთა ნაწილს ოქმი სახლში მიუტანეს. ეს შეიძლება ჩაბარებად ჩაითვალოს. ოქმი შეიძლება ჩაიბაროს სრულწლოვანმა ოჯახის წევრმაც. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას სახლში არავინ დახვდა, ეს ჩაბარებად არ ჩაითვლება და შსს-ს კიდევ ერთხელ აქვს ოქმის ჩასაბარებლად გაგზავნის ვალდებულება. მეორედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს საჯაროდ აქვეყნებს სამართალდარღვევის ოქმს, რაც უკვე ჩაბარებად ითვლება.
სამართალდარღვევის ოქმი შსს-ში უნდა გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო შსს-ს აქვს 30 დღიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად.შსს-ში გასაჩივრების შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროთ საქალაქო/რაიონულ სასამართლოში, მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. საბოლოოდ კი, საქალაქო/რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს.
დაჯარიმების შემთხვევაში, თუ მას არ გაასაჩივრებთ, ჯარიმის გადახდის ვადა არის 30 დღე. ვადის გასვლის შემდეგ იწყება იძულებითი აღსრულება.გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოითხოვეთ სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება".