
ევროპის სახელმწიფოები უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოითხოვენ
13/02/2025 06:08:50 მსოფლიო
ევროკავშირის სახელმწიფოებმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება.
კერძოდ, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება 12 თებერვლის ღამით გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული არიან".
საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ "უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, სანამ მიღწეული არ იქნება სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობა, რომლითაც გარანტირებული იქნება უკრაინის და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესები".
ევროპელი მინისტრები და ევროკავშირის ხელმძღვანელები მოელიან შემდგომი გზების განხილვას ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად და აღიშნავენ, რომ საერთო მიზანი უნდა იყოს უკრაინისთვის ძლიერი პოზიციების უზრუნველყოფა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა ჰქონდეს.
"უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება აუცილებელი პირობაა ძლიერი ტრანსტლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოება კი საერთო პასუხისმგებლობაა", – ნათქვამია განცხადებაში.
12 თებერვალს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ "შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს უკრაინასთან რუსეთის სამხედრო კონფლიქტის მოსაგვარებლად".
იმავე დღეს პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ზელენსკის.
თეთრ სახლში მედიისთვის გამართულ ბირიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს მშვიდობა სურთ".