
ჰელსინკის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს: "ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დააშოროს
13/02/2025 06:18:33 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ბოლო პერიოდში მწვავე კრიტიკით გამორჩეული რესპუბლიკელი ჯო უილსონი რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა ჩაანაცვლა.
როგორც ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "სენატორი უიკერი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში იკავებს".
- "რუსეთი აწარმოებს ყველაზე დიდ სახმელეთო ომს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის მომავალს და დამოუკიდებლობას, არამედ აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ევროპაში. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, სომხეთსა და აზერბაიჯანს აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას. ამავდროულად, საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატია გზაგასაყარზეა, რადგან პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს და მის მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დააშოროს", – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ყოფილი თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე გადავიდა.